„ბრუკლინმა“ დამაჯერებლად დაიწყო - პოლ ჯორჯმა „ლეიკერსთან“ გაიბრწყინა (ვიდეო)
10:04, 23.12.2020
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულმა სეზონმა ოფიციალურად სტარტი აიღო. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.
ბრუკლინ ნეთსი – გოლდენ სტეიტ უორიორსი125:99
„ბრუკლინ ნეთსმა“ სახლში „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით 125-99 დაამარცხა. სტივ ნეშის გუნდიდან საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 4 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. საინტერესო იყო როგორ ითამაშებდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კევინ დურანტიც. შეგახსენებთ, რომ „ტორონტოსთან“ ფინალში მიღებული ტრავმის გამო მას ერთი სეზონის მთლიანად გამოტოვება მოუწია. 32 წლის კალათბურთელმა წინასასეზონო მატჩები წარმატებით ჩაატარა და „გოლდენსტეიტის“ წინააღმდეგაც კარგად იასპარეზა. დურანტმა 24 წუთი და 56 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. „ნეთსის“ რიგებში ასევე კარგი მატჩი ჰქონდა კარის ლევერტს, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, მან 20 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 5 პასი შეასრულა. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტ უორიორსს“, სტივ კერის გუნდიდან საუკეთესო მისი ერთპიროვნული ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა და 30 წუთსა და 19 წამში 20 ქულასთან ერთად 10 პასი დააგროვა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი – ლოს ანჯელესკლიპერსი109:116
„სტეიპლს ცენტრში“ ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ „კლიპერსი“ მიიღო და რეგულარულის პირველ მატჩში დამარცხდა. თამაში „კლიპერსის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ „ლეიკერსმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მიუხედავად ამისა, პოლ ჯორჯის ფენომენალური თამაშის წყალობით „კლიპერსმა“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა. ჯორჯის მონაგარი ამ მატჩში 33 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა იყო. ჯორჯთან ერთად კარგად ითამაშა კავაილეონარდმა, რომელმაც 26 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. „ლეიკერსის“ რიგებში, როგორც ყოველთვის, ყველაზე გამორჩეული იყო ლებრონ ჯეიმსი, 35 წლის კალათბურთელმა 22 ქულა, 5 პასი და 5 მოხსნა დააგროვა. ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდათ „ლეიკერსის“ მაისურით დენის შროდერსა და მონტრეზლჰარელს, რომლებმაც ორმაგი დუბლი მიითვალეს. შროდერმა 14 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, მას სულ რაღაც ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, ხოლო ჰარელმა, რომლის ხილვაც ლოს ანჯელესის სხვა გუნდის მაისურით საკმაოდ უჩვეულო სანახავი იყო, 17 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
NBA-ს დანარჩენი 13 მატჩი თბილისის დროით 24 დეკემბერს, დილას ჩატარდება.