ბრიტანული პრესა - პრემიერლიგაში გადასული „შეფილდი“ ფულს ბენ ლადენის ოჯახიდან იღებდა
ლონდონის უმაღლესი სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ „შეფილდ იუნაიტედმა“ 2017 წელს სამი მილიონი ფუნტის ოდენობის კრედიტი მიიღო ცნობილი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის ოჯახის წევრისგან.
როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) წერს, ამგვარი განცხადება გაჟღერდა კევინ მაკეიბისა და პრინც აბდულას საქმის მოსმენისას. ეს პიროვნებები „შეფილდის“ თანამფლობელები არიან და ერთმანეთს ებრძვიან კლუბზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. პრინცის ადვოკატმა განაცხადა, კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხა სამი მილიონი ფუნტი და დაასახელა სავარაუდო წყარო – დაღუპული ტერორისტის ოჯახი.
ადვოკატის სიტყვებით, მაკეიბმა იცოდა თანხის წარმომავლობის შესახებ. დამამტკიცებელ საბუთად მან მოიყვანა კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორის ელექტრონული წერილები, რომელშიც მაკეიბს ბენ ლადენის ოჯახისგან მიღებული დაფინანსების ისტორიის პრესისთვის გადაცემით ემუქრებოდა.
თავად მაკეიბი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა.
წელს, „შეფილდ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.