ბრიტანული მედია - კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის დასატოვებლად და ევროპაში დასაბრუნებლად მზადაა #1TVSPORT
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ 2022 წლის გათამაშების გამარჯვებული კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გუნდში, „ალ იტიჰადში“ დაბრუნებას აღარ აპირებს და საფეხბურთო კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს.
მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი არაბულ გუნდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან „ალ იტიჰადის“ მაისურით ყველა ტუნირზე 15 გოლი გაიტანა, თუმცა ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო სესიაზე აღარ გამოცხადებულა.
ზუსტი მიზეზი, თუ რატომ აღარ სურს კარიმ ბენზემას საუდის არაბეთში დარჩენა, უცნობია. ცოტა ხნის წინ საუდის „პრო ლიგის“ გუნდიდან ასევე წავიდა „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს.
36 წლის ბენზემას დამატება, გამოცემა TEAMTalk-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე აქტიური ლონდონის „არსენალია“. წყაროს ცნობით, თავად ბენზემაც ევროპაში დაბრუნების ყველა შესაძლო წინადადებას განიხილავს, თუმცა როგორი ფორმით მოხდება ეს, ჯერ არ სახელდება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს „ალ იტიჰადთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და, ხელშეკრულების მიხედვით, ის სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.