პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვრცლად განიხილა მისი საფეხბურთო თვისებები, ადამიანურ მხარეებსაც შეეხო და გულშემატკივრებს ურჩია, ქართველ ახალგაზრდას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.
კვარადონა – გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, „ქართველი მარადონა“, რომელმაც რუსეთთან ომისგან გაქცევის შემდეგ სერია A-ში გაიბრწყინა
„ნაპოლის“ გულშემატკივრებს დიდი დრო არ დასჭირდათ, რომ შეყვარებოდათ მომგებიანი საზაფხულო შენაძენი. კვარაცხელია ლამაზ ნეაპოლში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე მარჯვენა მცველების თავსატეხად იქცა.
21 წლის ფეხბურთელმა „აიაქსთან“ (6:1) მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. ხვიჩას რეკორდი 2022 წელს 11 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„საშინელი“ სისწრაფე აქვს. გასაკვირი არ არის, რომ თაყვანისმცემლები კვარადონას ეძახიან – „ნაპოლის“ საკულტო ლეგენდისა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სახელს.
კვარაცხელია დაიბადა თბილისში, 2001 წლის თებერვალში და არის აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟი.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის თამაში რვა წლის ასაკში დაიწყო, ახალი სუპერვარსკვლავი ამტკიცებს, რომ არასდროს უთამაშია მხოლოდ მამის გასახარებლად – მხოლოდ თამაშის სიყვარული ამოძრავებდა. მას დიდი დრო არ დასჭირდა „დინამო თბილისის“ კარიერულ საფეხურზე ასასვლელად, სადაც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. მაგრამ მალევე „რუსთავში“ აღმოჩნდა, საიდანაც 2019 წელს იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და რუსეთის თასი მოიგო.
6 თვის შემდეგ, 18 წლის ასაკში, ყაზანის „რუბინთან“ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს. სადებიუტო სეზონში კვარაცხელიამ მიიღო თვის საუკეთესო მოთამაშის ოთხი ჯილდო და მისი საბაზრო ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ჯადოსნურ თავდამსხმელს კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცეს, საქართველოში დაბრუნდა და მარტში შეუერთდა ბათუმის „დინამოს“.
ყაზანსა და საქართველოში ეფექტური თამაშით ევროპის სკაუტების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით – „ნაპოლის“. იტალია იყო შემდეგი გაჩერება, მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ სატრანსფერო ინტერესისა.
„იუვენტუსთან“ ერთად „მილანი“ იყო ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ ყველას „ნაპოლიმ“ აჯობა. ნეაპოლურმა გუნდმა „მილანის“ ორი ყოფილი ფეხბურთელის, კრისტიან ძაკარდოსა და კახა კალაძის დახმარებით, კვარაცხელია 2027 წლამდე სულ რაღაც 9 მილიონ ფუნტად (10 მილიონი ევრო) დაიმატა.
შიში, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა ლუჩიანო სპალეტის მის ახალ მარცხენაფლანგელთან დაკავშირებით სწრაფად გაქრა. კვარაცხელიამ სადებიუტო ამხანაგურ მატჩში ორი გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი „ნაპოლის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამი გოლი გაიტანა სერია A-ს პირველ ორ მატჩში. მალე კი აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კვარაცხელია, რომელიც ნიჭით, თავდაჯერებულობითა და შემოქმედებითი უნარითაა დაჯილდოებული, ორივე ფეხით კომფორტულად თამაშობს. გოლებსაც იტანს. ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს აშკარა სისუსტეები, რაც არაჩვეულებრივი მიღწევაა ისეთი ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც იწყებს თავის კარიერას სერია A-ში. კვარაცხელია ადვილად უმკლავდება ახალ გამოწვევებს – მათ შორის, ბოლო თვეში ინსტაგრამზე 200 000 ახალ გამომწერს.
დელ პიეროს შეფასება არაპროგნოზირებად კვარაზე
სპალეტი, რომლის გუნდი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლიდერობს, ამბობს:
„მას შეუძლია ბურთის კონტროლი, ცხოვრებაში ძალიან მორცხვია და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. როდესაც ის მოედანზეა, საკუთარ თავში დარწმუნებულია“.
იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალესანდრო დელ პიერო ქართველს ასე ახასიათებს: „უფრთხილდით კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია, თითქოს დაბადებულია იმისთვის, რომ ევროპაში მაღალ დონეზე ითამაშოს“.
მისი რეკორდი ეროვნულ ნაკრებში არის 10 გოლი 19 თამაშში – შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამანგრეველი თამაშით დაამარცხა, ახლა კი 5 გოლით ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების დაწინაურება უზრუნველყო. გულშემატკივარი უკვე შეეჩვია მისგან გოლის საფირმო აღნიშვნას, რომელსაც საყვარელი ადამიანისადმი სიყვარულის ნიშნად გამოსახავს.
დიდი, მაგრამ მიწაზე დაშვებული
საქართველო ის ადგილია, სადაც კვარაცხელიას ყველაზე მეტად უყვარს დაბრუნება. თავის ხალხთან დიდი კავშირი აქვს. ნეაპოლში ხვიჩას ჩამოსვლიდან მისით ქართველი ემიგრანტები ამაყობენ. კვარაცხელია, პირველ რიგში, მეოჯახე ადამიანია, ოჯახში სამი შვილიდან შუათანაა. მისი 12 წლის უმცროსი ძმა უკვე იმედოვნებს, რომ ძმისა და მამის საფეხბურთო კვალს გაჰყვება.
ფეხბურთის გარდა, ჩოგბურთი და კალათბურთი უყვარს. როდესაც სახლში ბრუნდება, კვარაცხელია ხვდება თავის მეგობრებს, ცდილობს მიბაძოს მის საყვარელ კალათბურთელს „გოლდენ სტეიტ უორიორსიდაინ“ სტეფ კარის, მთებში განტვირთვისთვის მიემგზავრება. კვარაცხელია ორგზის საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშეა და მუდმივად მზარდ ტიტულების რაოდენობას უდავოდ კიდევ რამდენიმე ჯილდოს დაამატებს. მიაქციეთ ყურადღება კვარაცხელიას… განსაკუთრებული ყურადღება“, – ვკითხულობთ ბრიტანული გამოცემაში.