ბრიტანული გამოცემა - „ლიდსმა“ შეიძლება, სამუდამოდ ინანოს, რომ კვარაცხელიას აყვანის შანსი არ გამოიყენა #1TVSPORT
ბრიტანულმა ინტერნეტ-პორტალმა HITC-მა გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, სადაც ავტორი წერს, რომ რომ პრემიერლიგის „ლიდსი“ ინანებს, ქართველი ფეხბურთელის დამატების შანსი ხელიდან რომ გაუშვა.
ვნანობთ, რომ გენიოსი ხელიდან გავუშვით
„ევროპაში ახალი ვარსკვლავების გამოჩდნენ. პრემიერლიგაში სახელს იქმნიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან უილიამ სალიბა და ბრენდენ აარონსონი, ჯამალ მუსიალა და ფოლარინ ბალოგუნი.
ამ დროს ყველაზე დიდი გარღვევა იტალიაში მოხდა. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში შესანიშნავი თამაშით სიამოვნებას იღებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. ჩვენ არ გვიყვარს ნაადრევი დასკვნების გაკეთება, მაგრამ კვარაცხელია, როგორც ჩანს, ის ნამდვილი აღმოჩენაა. აქამდე მან სერია A-ში მხოლოდ 138 წუთი ითამაშა, მაგრამ ყოველი წამი მნიშვნელოვანია. მან 138 წუთში სამი გოლი გაიტანა, საშუალოდ 1 გოლი ყოველ 46 წუთში, ამ დროს მან ასევე გააკეთა საგოლე გადაცემა.
კვარაცხელია დაცვისთვის აბსოლუტური კოშმარია. ის წარმოუდგენელია ბურთით და ნებისმიერ მომენტში გასროლის არ ეშინია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ შეაფასეს 21 წლის ფეხბურთელი, როგორც „გენიოსი“ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ყოფნისას.
კვარაცხელია ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც ნებისმიერ ლიგაში შეეძლო თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, პრემიერლიგაში გადასვლა არ შედგა. შემტევ ნახევარმცველს დიდი ხანია აკავშირებდნენ „ლიდს იუნაიტედს“, რომელიც მოლაპარაკებებს დიდხანს აწარმოებდა. მაგრამ ზაფხულში „ნაპოლიმ“ დაიმატა და დასავლეთ იორკშირში მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა.
იტალიაში მისი წარმოუდგენელი სტარტიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ კვარაცხელია პრემიერლიგაში ამომავალი ვარსკვლავი იქნებოდა და „ლიდსმა“, შესაძლოა, ხელიდან გაუშვა ერთადერთი შანსი, დაუფლებოდა ამ ტალანტს. „ლიდსმა“ შეიძლება სამუდამოდ ინანოს, კვარაცხელიასთან კონტრაქტი რომ არ გააფორმა, რადგან ფეხბურთელი ისე გამოიყურება, თითქოს ყველაზე დიდი მწვერვალისკენ მიემართება“, – წერს ბრიტანული გამოცემა.