ბრიტანეთში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს. ტრადიციულად, წლის ბოლოს ეს „ბი-ბი-სიმ“ (BBC) გააკეთა.
გამოკითხვის შედეგად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა 2018 წლის ტურ დე ფრანსის ჩემპიონი, უელსელი გერაინტ ტომასი. მან უკან ჩამოიტოვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი.
„ვამაყობ იმით, რომ წარმოვადგენ უელსსა და დიდ ბრიტანეთს. ეს საოცარი წელი იყო ბრიტანული სპორტისთვის“, – განაცხადა პრიზის მიღების შემდეგ ტომასმა.
დაჯილდოვების ცერემონიაზე საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა გარეტ საუთგეიტმა გაიმარჯვა. წლის საუკეთესო გუნდი გახდა ინგლისის ნეტბოლის ნაკრები.