ბრიტანელი მოკრივე საჩემპიონო ქამარს ყიდის, შვილისთვის საშობაო საჩუქრის საყიდლად
შოტლანდიელმა მოკრივემ რონი კლარკმა Ebay-ზე გასაყიდად გამოიტანა IBF-ის საჩემპიონო ქამარი, რომელიც 2018 წლის თებერვალში მოიპოვა. სპორტსმენი კარიერაში თავის მთავარ ჯილდოს უცნაური მიზეზით ყიდის – ფული სჭირდება შვილისთვის საშობაო საჩუქრის შესაძენად.
აუქციონზე საჩემპიონო ქამრის საწყისი ფასი 1050 ფუნტს შეადგენს.
„გასაყიდად გამომაქვს IBF-ის ოფიციალური ქამარი ნახევრადსაშუალო წონაში. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი ბრძოლა გაუქმდა: მეტოქემ უარი თქვა შეხვედრაზე ტრავმის გამო და ახლა, ფული არ მაქვს იმისთვის, რომ ჩემს ვაჟს შობაზე საჩუქარი ვუყიდო. შემიძლია პირადად მივუტანო ქამარი მყიდველს, რათა დავრწმუნდე, რომ ნივთმა ადრესატამდე უვნებლად მიაღწია“, – განაცხადა 33 წლის კლარკმა World Boxing News-თან კომენტარში.