თბილისში ინგლისელი ჟურნალისტი რობერტ ოკონორი იმყოფებოდა. ის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტ გოდერძი ჩიხრაძეს შეხვდა.
ოკონორის საქართველოში სტუმრობის მიზანი კონფლიქტის ზონებისა და მათი საფეხბურთო კლუბების ისტორიისა და დღევანდელი ყოფის შესწავლაა. უახლოეს მომავალში კი ინგლისელი ჟურნალისტი მათზე წიგნის გამოცემას აპირებს.
ბრიტანელ ჟურნალისტს „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი კლუბის დაარსების, მისი მიღწევებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის დაწყების პერიოდს და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობას.
რობერტ ოკონორი 25 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივების საფეხბურთო ცხოვრებას და დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ მათ დამოკიდებულებას გაეცნობა. ამის შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდება და ქართული კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას კიდევ ერთხელ გეგმავს.