„ბრეშას“ დირექტორი - წლებია, კვარაცხელიას მსგავსი დრიბლინგი იტალიაში არ მინახავს, ამას ბავშვებს შეცდომად უთვლიან და ეს არის ჩვენი პრობლემა #1TVSPORT
„ბრეშას“ სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ რადიო CRC-თან ინტერვიუში „ნაპოლიში“ გადასული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებზე ისაუბრა და მის მაგალითზე განაცხადა, რომ იტალია ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდის მცდარი გზაზეა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე ორი იმედგაცრუება დაგვჭირდა, რათა გაგვეგო, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორ გზას დაადგა. ტალანტები და ქუჩის ფეხბურთი ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ მზა პროდუქტს და სერია B-ში ახალგაზრდებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ გვჭირდება ინსტრუქტორები, ადამიანები, რომლებიც მოთამაშეს გაზრდიან და არ დაამცირებენ მას, როცა ის ცდილობს დრიბლინგის გაკეთებას, არ აიძულებენ საკუთარი თავი მაქსიმალურად სტანდარტულად გამოავლინოს. კვარაცხელია გვხიბლავს სწორედ მცველების მოტყუების უნარითა და სისწრაფით. იტალიაში დრიბლინგი მრავალი წელია არ გვინახავს, რადგან საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში ეს შეცდომად ითვლება. ჩვენ კი ფეხბურთი ყოველდრე უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ტექნიკით წარსულის დონეს დავუბრუნდეთ.
რატომ ხდება ასე – ჩვენ ასაკობრივ გუნდებში შედეგის მოთხოვნის მსხვერპლი ვართ. უკვე ამ ასაკიდან ტექნიკას ტაქტიკას ამჯობინებენ. მე კი მიმაჩნია, რომ ბავშვების აღზრდის ღირებულების ცენტრში ჯერ ტექნიკური მხარე უნდა დავაბრუნოთ, შემდეგ კი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების მხარეს მივხედოთ. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ მწვრთნელებს, რომლებსაც შეტევითი ფეხბურთის თამაში სურთ. რა სჭირთ დიდ იტალიელებს, ვინ გაფლანგა ეს პოტენციალი? დღეს ვერ ვიყიდით იმ სამ-ოთხ მოთამაშეს, რომელიც განსაზღვრავს გუნდის ჩემპიონობას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, გზა არის გუნდების სკაუტინგის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ინვესტირების გაზრდა. უნდა გვესმოდეს, რომ დიდი თანხების ხარჯვითაც კი შეუძლებელია იტალიაში ტოპ-მოთამაშეების ჩამოყვანა, ვინც მხოლოდ სახელითა და კარიერით ჩამოვა“, – ამბობს „ბრეშას“ სპორტული დირექტორი.