„ნიუ ორლეანის“ ფორვარდმა ბრენდონ ინგრემმა მიიღო პრიზი, როგორც 2019-20 წლების სეზონის ყველაზე პროგრესირებადმა მოთამაშემ.
კალათბურთელის საშუალო სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა 23.8 ქულა, 6.1 მოხსნა, 4.2 შედეგიანი გადაცემა და 0.9 ჩაჭრა შეადგინეს.
ინგრემი შარშან, გაცვლის შედეგად გადავიდა „ლეიკერსიდან“ „ნიუ ორლეანში“. ლოსანჯელესურ კლუბში მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 13.9 ქულა, 2.9 პასი, 4.7 მოხსნა და 0.6 ჩაჭრა.
ყველაზე მეტად ფორვარდმა მოუმატა სამქულიანებში (შარშან ჰქონდა საშუალოდ 2.0 ტყორცნა 33 პროცენტი რეალიზაციით, წელს – 6.2 ტყორცნა 39 პროცენტი რეალიზაციით) და საჯარიმოების რეალიზაციაში (85 პროცენტი 68-ის წინააღმდეგ).
ინგრემი „ნიუ ორლეანის“ ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.
გამარჯვებული ვლინდება ჟურნალისტებს შორის გამოკითხვის შედეგად. ინგრემმა 42 პირველი ადგილი და 326 ქულა დააგროვა. მეორეზე გავიდა „მაიამის“ ცენტრი ბემ ადებაიო (295 ქულა), მესამეზე – „დალასის“ მცველი ლუკა დონჩიჩი (101 ქულა).