ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ „ლესტერში“ ბედნიერია და „არსენალში“ გადასვლას არ გეგმავს
ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ „ლესტერში“ ბედნიერია და „არსენალში“ გადასვლას არ გეგმავს

„ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ მას არ აღიზიანებს სპეკულაციები „არსენალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში მისმა გუნდმა ევერტონს მოუგო, მეორე ადგილზე დამკვიდრდა და სამი ქულით უსწრებს მესამეადგილოსან „მანჩესტერ სიტის“, ერთპიროვნულ ლიდერ „ლივერპულს“ კი რვა ქულით ჩამორჩება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლესტერთან“ გაფორმებულ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც როჯერსის გამოსყიდვის სანაცვლოდ გუნდისთვის 14 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას ითვალისწინებს, თუმცა მწვრთნელი აცხადებს, რომ „ლესტერში“ ბედნიერია და ამ კლუბში მუშაობის გაგრძელება სურს.

„მსგავსი პუნქტი ბევრი მწვრთნელის კონტრაქტშია და ის, როგორც წესი, ჰიპოთეტიკური სიტუაციებისთვის გამოიყენება“, – განუცხადა როჯერსმა „სკაი სპორტს“. – „ჩვენ რაც შეგვეხება, დღეს ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ და საერთოდაც „ლესტერში“ ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებთან ერთად ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და ამიტომ ახლა მხოლოდ „ლესტერზე“ ვარ კონცენტრირებული“.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსი „ლესტერში“ მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, მანამდე კი შოტლანდიურ „სელტიკში“ მუშაობდა.