ბრედლი ბილი „ფინიქს სანსში“ კევინ დურანტსა და დევინ ბუკერს შეუერთდა #1TVSPORT
ESPN-ის მიმომხილველის, ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ ვარსკვლავი ბრედლი ბილი კარიერას „ფინიქს სანსში“ გააგრძელებს.
29 წლის კალათბურთელის სანაცვლოდ დედაქალაქური გუნდი კრის პოლს, ლენდრი შამეტსა და დრაფტის პიკებს მიიღებს. რაც შეეხება ბრედლი ბილის ანაზღაურებას, სეზონში 50 მილიონი დოლარი იქნება.
ბილი „ვაშინგტონის“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობს, მაშინ ის დრაფტის პირველ რაუნდში, მესამე ნომრად აირჩიეს. კარიერის საუკეთესო სეზონი 2020/2021 წელს ჩაატარა, ის საშუალოდ 31.3 ქულას აგროვებდა შეხვედრაში. იგი სამჯერ მონაწილეობდა NBA-ის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში, ხოლო 2021 წელს ლიგის საუკეთესო მესამე გუნდშიც დაასახელეს. ბილი ასევე არის აშშ-ის ეროვნული ნაკრების კანდიდატი.
ბრედლი ბილის დამატებით „ფინიქსში“ დიდი სამეული შეიკრა. ის კევინ დურანტისა და დევინ ბუკერის დუეტს შეუერთდება. მომავალ სეზონზე არიზონელები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგების ფავორიტებად მიიჩნევიან. გასულ სეზონზე „ფინიქსი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ნიკოლა იოკიჩის „დენვერთან“ 2:4 დამარცხდა.