ბრაზილიური სპორტული გამოცემა „ლანსე“ (lance.com.br) სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას გამოეხმაურა და გერმანელთა ნახევარმცველ ტონი კროოსს შარშანდელი „ბოროტი ხუმრობისთვის“ სამაგიერო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს გერმანიამ მუნდიალის მასპინძელი ბრაზილია ნახევარფინალში ანგარიშით 7-1 დამარცხა, 2017 წელს კი კროოსმა სოციალური ქსელის საშუალებით მოკლე გზავნილი გაავრცელა: „გილოცავთ 2017 წელს“, სადაც რიცხვების 1 და 7 ნაცვლად ბრაზილიისა და გერმანიის დროშები იყო გამოსახული.
გუშინ კი, როდესაც გერმანია სამხრეთკორეელებთან 0-2 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, „ლანსემ“ ანალოგიური გზავნილი გაავრცელა: „გილოცავთ 2018 წელს“ და რიცხვების 2 და 0 ნაცვლად სამხრეთ კორეისა და გერმანიის დროშები გამოიყენა.