ბრაზილიური პრესა ნეიმარს აკრიტიკებს
ბრაზილიური პრესა ნეიმარს აკრიტიკებს

ბრაზილიური მედია ძალიან მკაცრად გამოეხმაურა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების მიერ გუშინ გამართულ მატჩს შვეიცარიის წინააღმდეგ და ვერმოგებული თამაშის მთავარ ანტიგმირად ნეიმარი დაასახელა. ჟურნალისტების აზრით მან მოედანზე მხოლოდ ეგოისტობა გამოავლინა და საშინელი მატჩი ჩაატარა.

ერთ-ერთი ჟურნალისტი, არნალ რიბეირო, მიიჩნევს, რომ ნეიმარმა ყოვლად მიუღებლად ითამაშა და შეცვლას იმსახურებდა. „გაცილებით უკეთესი იქნებოდა დუგლას კოშტას გამოყვანა. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, რატომ არ ათამაშეს“, – ამბობს რიბეირო.

გუშინდელი თამაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ ნეიმარის წინააღმდეგ შვეიცარიელებმა ათჯერ დაარღვიეს წესი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი ზე ელიასი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ნეიმარის ეგოისტობაა და არა მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი. „ზედმეტ ყურადღებას უთმობდა ინდივიდუალიზმს და ახლოსაც არ იყო იმ დონესთან, რომელიც ბოლო რამდენიმე თამაშში აჩვენა“, – მიიჩნევს ზე ელიასი, რომელსაც ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ნეიმარმა ძალიან ცოტა გაიღო გუნდისთვის და მთავარი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ ვერ მოიგო გუნდმა ეს თამაში“ – ეს კიდევ ერთი ჟურნალისტის, ტიაგო  ნოგეირას სიტყვებია.

მიუხედავად მედიის სიმკაცრისა, ბრაზილიის ნაკრების წევრებმა ნეიმარი დაიცვეს.

„ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და ამ ჩემპიონატში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“, – განაცხადა კოუტინიომ.

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!