ბრაზილიისა და არგენტინის ჩაშლილი მატჩი აღარ გაიმართება #1TVSPORT
ბრაზილიისა და არგენტინის ჩაშლილი მატჩი აღარ გაიმართება #1TVSPORT

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა ფიფა-ს, ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო ფედერაციებს შორის შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეწყვეტილი მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის არ გადათამაშდება.

უფრო ადრე ამ მატჩის გაუქმების სურვილი ბრაზილიურმა მხარემ გამოთქვა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფი ტიტეს ხელმძღვანელობით ეწინააღმდეგება ამ შეხვედრის გამართვას, რადგან არსებობს ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების რისკი. ასევე შესაძლებელია ბოიკოტი არგენტინელთა მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 სექტემბერს ბრაზილიის და არგენტინის შესარჩევი მატჩი მეოთხე წუთზე შეწყდა, რადგან ბრაზილიის მთავრობამ მიიჩნია, რომ არგენტინის ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ქვეყანაში კორონავირუსის რეგლამენტის დარღვევით მოხვდა.

ორივე გუნდმა დაუმარცხებლად გაიარა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და სატურნირო მდგომარეობის მხრივ, შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.