ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები დათანხმდნენ კოპა ამერიკაზე თამაშს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდური განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაგმეს კოპა ამერიკას ჩატარება, მაგრამ დაადასტურეს, რომ უარს არ ამბობენ ტურნირში მონაწილეობაზე.
„როცა ბრაზილიელი იბადება, მისი სახით იბადება ფანი. ამ განცხადებით ჩვენ მივმართავთ 200 მილიონ გულშემატკივარს, რათა გამოვხატოთ საკუთარი აზრი კოპა ამერიკას ჩატარებაზე.
ჩვენ – ერთიანი გუნდი ვართ, მაგრამ განსხვავებული იდეებით. სხვადასხნა მიზეზის გამო, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ პროფესიული, უკმაყოფილონი ვართ ტურნირის ჩატარებით – არ აქვს მნიშვნელობა, ჩილეში გაიმართება ის თუ ბრაზილიაში. ბოლოდროინდელი მოვლენები გვაიძულებს დავიჯეროთ კოპა ამერიკას ჩატარების არაადეკვატურობა.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ არასოდეს გვინდოდა ეს განხილვა პოლიტიკური ხასიათისა ყოფილიყო. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც ჩვენს სახელებს უკავშირდება. კარგად ვიცით, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ. გვაქვს მისია, რომელიც უნდა შევასრულოთ. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ კოპა ამერიკის, მაგრამ არასოდეს ვიტყვით უარს ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე“ – წერია ბრაზილიის ნაკრების მანიფესტში.
თავდაპირველად, ტურნირი კოლუმბიასა და არგენტინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ორივე ქვეყანას ჩამოართვეს მასპინძლობის უფლება. ამის შემდეგ გადაწყდა კოპას ბრაზილიაში ჩატარება, რის წინააღმდეგაც გამოვიდნენ ნაკრების ყველა ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ტიტე. იყო ჭორები, რომ მოთამაშეებმა უარი თქვეს გამოსვლაზე, მაგრამ შემდეგ დათანხმდნენ მთავრობის ზეწოლით.
კოპა ამერიკა 12 ივნისიდან 10 ივლისამდე ბრაზილიის ოთხ ქალაქში გაიმართება. გახსნის მატჩში ბრაზილია და ვენესუელა შეხვდებიან ერთმანეთს.