ბრაზილიის ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა, ჟურნალისტებთან “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ნეიმარის აღდგენით პროცესზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა ბრაზილიურ მხარესა და პარიზულ კლუბს შორის.
“ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის”, – განუცხადა ფრანგულ გაზეთ L’Equipe-ს ლასმარმა. – ”ნეიმარი მუშაობს, აღდგენით პროცესს მაქსიმალურად პროფესიულად უდგება და სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს. რაც მთავარია, ტრავმირებული ფეხის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი გართულება ან ეჭვი არ არსებობს. ოპერაციის შემდეგ, მომდევნო გამოკვლევა ექვსი კვირის შემდეგ დავნიშნეთ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
ჩვენსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის სრული ურთიერთგაგებაა. ჭორები პარიზულ კლუბთან კონფლიქტის შესახებ გასაკვირი იყო. ეს მხოლოდ ვიღაცის სპეკულაცია გახლდათ”.
სხვათა შორის, დღეს ნეიმარმა წარადგინა ბრაზილიის ნაკრების ფორმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის.