ვინისიუშ ნორონია და სილვა, რომელიც ესპანურ კლუბ „ტერუელის“ ღირსებას იცავდა, ამ დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა ესპანურ მედიას უკვე დაუდასტურა.
26 წლის ნორონია და სილვა დღეს დილით გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა, რის გამოც თანაგუნდელებმა სახლში მიაკითხეს და საწოლში სიცოცხლის ნიშნების გარეშე ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი ძილში გარდაიცვალა.
ბრაზილიელი „ტერუელში“ 2015 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნორონია და სილვა ესპანური სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იყო აღიარებული.
„არაფერი ვიცით. თავის საკუთარ საწოლში ნახეს და ამბობენ, რომ ძილში გარდაიცვალა“, – განაცხადა „ტერუელის“ პრეზიდენტმა კარლოს რანერამ და დაამატა, რომ ბრაზილიელმა ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, თუმცა ექიმებმა მის ორგანიზმში საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს.
რანერა ასევე აცხადებს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.