ბრაზილიელებმა კატარში კონდიციონერებზე დაიჩივლეს - ყველას გაციების სიმპტომები გვქონდა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მოიპოვა. „სელესაომ“ ჯგუფურ ეტაპზე მე-17 დაუმარცხებელი თამაში ჩაიწერა, რაც ტურნირზე ვერც ერთმა გუნდმა აქამდე ვერ მოახერხა.
თუმცა, არის რაღაც, რაც აწუხებთ ბრაზილიის ეროვნული გუნდის წევრებს – კონდიციონერები. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ენტონიმ ESPN Brazil-სთან ისაუბრა, რომ მას და მის ზოგიერთ თანაგუნდელს ვირუსი აქვს და თქვა, რომ ეს ყველაფერი ყატარის სტადიონების კონდიცირების სისტემების ბრალია.
„თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ყელი მტკიოდა და მახველებდა. მსგავს ვითარებაში ჩემი სხვა თანაგუნდელებიც იყვნენ, მაგრამ მე თავს მათზე უარესად ვგრძნობდი. ვფიქრობ, ყველაფერის მიზეზი სტადიონების ან თუნდაც ჩვენი სასტუმრო ოთახების კონდიციონერებია, რადგან ყველას გაციების სიმპტომები გვქონდა. ორი დღე ცუდად ვიყავი, ახლა კი გამოვჯანმრთელდი და მალე 100%-ით მზად ვიქნები“, – განაცხადა ენტონიმ.
ESPN Brazil-ის ცნობით, საჩივრებმა ფიფა-მდე მიაღწია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს სტადიონებსა და სასტუმროებში კონდიცირების რეგულირება მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის შემოდგომის ბოლოს დაწყება სწორედ ცხელი კლიმატის გამო გადაწყდა. თუმცა, იქ ამ პერიოდშიც ცხელა და სტადიონებზე კონდიცირების სისტემები დაამონტაჟეს.