„ბოსტონს“ ისტორიულ შედეგამდე ცოტა დააკლდა - NBA-ის ფინალში „მაიამი“ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის ფინალში „დენვერ ნაგეტსი“ და „მაიამი ჰიტი“ ითამაშებენ. სერიის პირველი მატჩი დენვერში 2 ივნისს გაიმართება.
აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალში „ბოსტონი“ ახლოს იყო ისტორიულ შედეგთან – 0:3 ჩამორჩენის შემდეგ სამი მატჩი მოიგო და გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ატარებდა, მაგრამ „მაიამიმ“ არ დაანება – ბოსტონში 103:84 გაიმარჯვა და 1999 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა, თუმცა NBA-ის ფინალს მიაღწია. 1999-ში ეს „ნიუ იორკ ნიქსმა“ მოახერხა.
„მაიამის“ გამარჯვება სამი ტანმაღალი კალათბურთელის ეფექტურობამ განაპირობა: ჯიმი ბატლერმა 28 ქულა ჩააგდო, კალებ მარტინმა – 26 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბემ ადებაიომ – 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა.
„ბოსტონის“ ლიდერს, ჯეისონ ტეიტუმს ფეხი გადაუბრუნდა და ტრავმიანი ჩვეულად შედეგიანი ვეღარ იყო – 14 ქულა და 11 მოხსნა. 19 ქულით „ბოსტონის“ ბომბარდირი ჯეილენ ბრაუნი გახდა.