ბოსტონმა ფილადელფიაში მოიგო - „ლეიკერსის“ წარუმატებლობა გრძელდება [ვიდეო]
11:26, 13.02.2019
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ხუთი მატჩით გაგრძელდა. აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალური დაპირისპირება „ველშ ფარგო ცენტრში“ შედგა, სადაც ფილადელფიამ ბოსტონი მიიღო. წელს ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და პლეიოფში მოხვედრას მაღალი ადგილებიდან ცდილობს. შეხვედრამ გაცემული ავანსი სრულად გაამართლა. „სელტიქსმა“ მეტოქე კაირი ირვინგის გარეშე ანგარიშით 112:109 დაამარცხა. ბოსტონელთა მთავარი ვარსკვლავის არყოფნაში, ლიდერობა საკუთარ თავზე გორდონ ჰეივორდმა აიღო, რომელმაც თამაში 26 ქულით დაასრულა. 23 ქულა და 8 მოხსნა დაფიქსირდა ალ ჰორფორდის ანგარიშზე. მასპინძელთა შორის, მორიგი ორმაგი დუბლით, ჯოელ ემბიდი გამოიკვეთა. კამერუნელმა ცენტრმა 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა. ამ შედეგის შემდეგ, ბოსტონ „სელტიქსი“ ფილადელფიას მოგება-წაგების მაჩვენებლით გაუთანაბრდა. გუნდები სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
ცუდ ფორმაშია „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“. კალიფორნიელებს ჯერჯერობით ვერც ლებრონ ჯეიმსის დაბრუნება შველის. ლუკ უოლტონის გუნდმა, ბოლო ხუთი თამაშიდან, მეოთხე დაპირისპირება წააგო. „ლეიკერსი“ ამჯერად „ფილიპს არენაზე“ ლიგის ერთ-ერთ აიტსაიდერ, ატლანტა „ჰოქსთან“ ანგარიშით 113:117 დამარცხდა. ჯეიმსის ბრწყინვალე სტატისტიკის მიუხედავად (28 ქულა 16 პასი 11 მოხსნა), სტუმრებმა მაინც წააგეს და ამ ეტაპზე დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის ზონას კიდევ უფრო ჩამოშორდნენ. ლოს ანჯელესური კლუბი მხოლოდ მეათე პოზიციას ფლობს და მომდევტო ტურში ჰიუსტონ „როკეტსის“ წინააღმდეგ ფავორიტის სტატუსით ნამდვილად ვერ ისარგებლებს.