ბოსტონის ზედიზედ მესამე მარცხი - იოკიჩმა ოკლაჰომას მოუგო
ბოსტონის ზედიზედ მესამე მარცხი - იოკიჩმა ოკლაჰომას მოუგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი სამი მატჩით გაგრძელდა. ამ სამი დაპირისპირებიდან, ორი ცენტრალური იყო. აღმოსავლეთ კონფერენციაში, ორი ფავორიტი გუნდი – „ტორონტო“ და „ბოსტონი“ ერთმანეთს „ეირ კანადა ცენტრში“ შეხვნენ. „რეპტორზმა“ გარდამტეხი უპირატესობა თამაშის მეორე მეოთხედში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 36-13 აჯობა. ამის შემდეგ, კანადურ კლუბს მატჩის მოგება აღარ გასჭირვებია და საბოლოოდ ანგარიშით 118-95 გაიმარჯვა. 25 ქულით პასკალ სიაკამი გახლდათ საუკეთესო. 21 ქულა გააკეთა კავაი ლეონარდმა. სტუმართა შორის, უჩვეულოდ სუსტი მატჩი ჩაატარა კაირი ირვინგმა, რომელმაც მხოლოდ 7 ქულა, 5 გადაცემა და 4 მოხსნა მოიპოვა. ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაფიქსირდა. ეს „ბოსტონისთვის“ ზედიზედ მესამე წაგება გამოდგა. ბრედ სტივენსის გუნდი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. „ტორონტო რეპტორზი“ მყარად დამკვიდრდა მეორე პოზიციაზე და ლიდერ მილუოკის, ორი წაგებით ჩამორჩება.


დასავლეთ კონფერენციის ცენტრალური შეხვედრა, „პეპსი ცენტრში“ შედგა, სადაც „დენვერ ნაგეტსმა“ „ოკლაჰომა სითი თანდერი“ მიიღო. გუნდები მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან. მასპინძლებმა პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და დარჩენილ დროში, მისაღები სხვაობის შენარჩუნება შეძლეს. გამარჯვების მთავარი შემოქმედი ნიკოლა იოკიჩი გახდა, რომელსაც მორიგ სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. სერბმა ცენტრმა 36 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „ოკლაჰომას“ პოლ ჯორჯმა ულიდერა 25 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით. საბოლოოდ, კოლორადოელებმა 121-112 გაიმარჯვეს.

დღესვე კიდე ერთ მატჩში, „ნიუ იორკ ნიქსმა“ საკუთარ „მედისონ სქუერ გარდენში“ „ორლანდო მეჯიქს“ ანგარიშით 108-103 მოუგო.