ბოსტონის დამაჯერებელი გამარჯვება ნიუ ორლეანში, ჰარდენის 54 ქულა ჰიუსტონს არ ეყო
10:47, 27.11.2018
შვიდი მატჩით გაგრძელდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი. ბოლო პერიოდში, არადამაჯერებელი თამაშის ფონზე, ბოსტონ „სელტიქსმა“ ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ სტუმრად, დიდი სხვაობით, ანგარიშთ 124-107 დაამარცხა. ბოსტონელებმა მეტოქე პრაქტიკულად მთელი შეხვედრის მანძილზე მდევრის როლში ამყოფეს და საბოლოოდ 17 ქულიანი უპირტაესობით დაამარცხეს. ორმაგი დუბლით კაირი ირვინგი გამოირჩა. „სელტიქსის“ ლიდერმა 26 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა გააკეთა. 27 ქულა და 16 მოხსნა დაფიქსირდა მასპინძელთა ცენტრის, ენტონი დევისის ანგარიშზე. ბოსტონი ამ წარმატების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში 6-ე ადგილზე გადავიდა.
საოცრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვაშინგტონ „ვიზარდსის“ და ჰიუსტონ „როკეტსის“ შეხვედრა. „ვერიზონ ცენტრში“ თავიდან სტუმრები დომინირებდნენ და ერთ ეპიზოდში 17-ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს. ამის მიუხედავად, დედაქალაქურმა კლუბმა მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის აღმოფხვრა და იმდენი მოახერხა, რომ ბოლო წამებზე თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა (125-125), დამატებულ დროში კი მასპინძლებს უფრო გაუმართლად და საბოლოოდ 135-131 გაიმარჯვეს. „როკეტსს“ ვერც ჰარდენის ბრწყინვალე სტატისტიკამ უშველა, რომელმაც თამაში, 54 ქულით, 13 შედეგიანი გადაცემით და 8 მოხსნით დაასრულა. ვაშინგტონელთა შორის გამორჩეული ჯონ ვოლი გახლდათ. უკანახაზელმა 36 ქულა და 11 პასი გაიფორმა. 32 ქულა მოიპოვა ბრდელი ბილმა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ორივე გუნდი პლეი-ოფის ზონის მიღმა იმყოფება.