ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების მწვრთნელი - საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და სერიოზული გამოცდა გველის #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ჟენიცაში, ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ცენტრში შეიკრიბა, საქართველოსა და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა და „ფერენცვაროშის“ მცველმა ელდარ ჩივიჩმა გააკეთეს.
„ამ ორი ამხანაგური მატჩით ახალი ციკლისთვის მზადებას ვიწყებთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურია მატჩი თუ ოფიციალური, ყველა მეტოქესთან ვცდილობთ, უკეთ გამოვიყურებოდეთ. იმედია, კარგად ვითამაშებთ. ფეხბურთელებს ვთხოვ მაქსიმალურად დაიხარჯონ და ამ შეხვედრებიდან დადებით ემოციებს ველი. გამოძახებულ მოთამაშეთა 90 პროცენტი შარშანაც ნაკრებში იყო. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ მატჩებს ამხანაგურად და ოფიციალურად არ ვყოფთ და ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გუნდში მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც გამოძახებას ყველაზე მეტად იმსახურებდნენ. საქართველომ და ლუქსემბურგმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადეს და მათთან სერიოზული გამოცდა გველის“, – განაცხადა პეტევმა.
ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი შემადგენლობაში არსებულ პრობლემებსაც შეეხო:
„კენან პირიჩი (მეკარე, „გიოზტეპე“) ოჯახური მიზეზების გამო ვერ შემოგვიერთდა. სამწუხაროდ, ბოლო მატჩში სანინ პრციჩი (ნახევარმცველი, „სტრასბურგი“) დაშავდა, ამიტომ ვერც ის ითამაშებს. მაგრამ შემოგვიერთდნენ სინიშა სანიჩანინი (მცველი, „პარტიზანი“) და ანელ აჰმედჰოჯიჩი (ცენტრალური მცველი, „ბორდო“).
ელდარ ჩივიჩი:
„ვეთამაშებით გუნდებს, რომლებსაც ხარისხი გამოარჩევთ. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მოგების სერია დავიწყოთ. მთავარმა მწვრთნელმა უძლიერესი შემადგენლობა მიიწვია, რადგან გვინდა ეს მატჩები საუკეთესოდ გამოვიყენოთ. მზად ვართ მაქსიმალურად დავიხარჯოთ“.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.