საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბის ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის მატჩის წინ, პირველი ღია ვარჯიში გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგ შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ, 17 მარტს კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე ჩაატარებს. გუნდი რუსეთში 15 მარტს გაემგზავრება.
16 მარტს კრასნოდარში კიდევ ერთი რუსულ-ქართული სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. „საქართველო XV“, რუსეთის „ა“ ნაკრებთან ითამაშებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის ეროვნული ნაკრების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ გამართული ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და „ბორჯღალოსნებმა“ ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაინაღდეს. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს – „დათვებს“ ოთხი მატჩიდან ორი მოგება აქვთ, გერმანიასთან და ბელგიასთან. ორი შეხვედრა კი რუმინელებთან და ესპანელებთან დათმეს.
„დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილი დავრჩი, რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმა აქვს, მაგრამ იმედია სერიოზული არაა. საბოლოოდ, ვინ რა მდგომარეობაშია, პარასკევს გვეცოდინება. რაც შეეხება რუსეთს, მას ამჟამად უფრო მეტი იარაღი აქვს მეტოქეებთან საბრძოლველად, ვიდრე ადრე. კარგად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მათთან სათამაშოდ და იმედია, წარმატებით გამოვალთ. მიუხედავად იმისა, რომ „რაგბის ევროპის“ ჩემპიონები უკვე გავხდით, ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული“, – ამბობს მილტონ ჰეიგი.