„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები დაამარცხეს და „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ხუთი მოგებით დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები დაამარცხეს და „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ხუთი მოგებით დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ დასკვნით შეხვედრაში, თელავში ტურნირის დებიუტანტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა – 48:15.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე აქამდე „ბორჯღალოსნებს“ 4-დან 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული, შესაბამისად ამ მატჩს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

დებიუტანტებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ნინიაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის ნიდერლანდელები კაცნაკლულები დარჩნენ. „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობით მალევე ისარგებლეს და ნინიაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ.

მეტოქემ მალევე ჯარიმა გამოიყენა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლობჟანიძემ ბურთი ბრწყინვალედ გადაკიდა, რომელსაც მოდებაძე დაეუფლა და ლელო გაიტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბოლო მომენტში ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და მსაჯმა ეს ლელო არ ჩათვალა.

24-ე წუთზე არაჩვეულებრივი შეტევის შემდეგ, აბჟანდაძემ ტაბუცაძე ფლანგზე მარტო შენიშნა, ბურთი გადაუკიდა, ჩვენმა 14-მა ნომერმა კი სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.

ცოტა ხანში სპანდერაშვილი მთავარმა მსაჯმა მეტოქის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათით გააფრთხილა, რაც ნიდერლანდებმა მალევე გამოიყენა და ჰოპმა ლელო გაგვიტანა. ტაიმის მიწურულს კი კაცნაკლულებმა, მაინც შევძელით კიდევ ერთი ლელოს გატანა – ვასიკო ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და მეტოქე დაალელოვა. პირველი ტაიმი 15:8 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მძიმედ დაიწყო, რადგან ჩვენი ნაკრები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. მიუხედავად ამისა, 55-ე წუთზე „ბორჯრალოსნებმა“ ბრწყინვალე მოლი ჩამოაყალიბეს, რაც გურამ გოგიჩაშვილის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა. 3 წუთში კიდევ ერთი წარმატებული აუტის შედეგად ჯავახიამ მოახერხა ძალისმიერი ლელოს გატანა, გარდასახვა კი ამჯერად ბაბუნაშვილმა შეასრულა და ჩვენი გუნდი 21 ქულით დააწინაურა. 64-ე წუთზე „ბორჯღალოსნების“ შეტევა აკაკი ტაბუცაძემ დააგვირგვინა და ამ შეხვედრაში მე-2 ლელო გაიფორმა. ტაბუცაძის გარდა, მატჩში დუბლი 18 წლის დავით ნინიაშვილმა გაიფორმა, რასაც ნიდერლანდელების ლელო მოჰყვა. ბოლოს კი იდეალური სოლო-რეიდით ნინიაშვილმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 48:15.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა „რაგბის ევროპის ჩემპიონატი“ 5 მოგებით დაასრულა. დღეს ღამე კი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც სატესტო მატჩებს მსოფლიო ჩემპიონთან ჩაატარებენ.