„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთთან ავჭალაში გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყეს [ფოტო]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ საშინაო მატჩს 17 თებერვალს ავჭალის სტადიონზე გამართავს. 2019 წლის რაგბის ევროპის მეორე ტურში „ბორჯღალსონების“ მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელმაც პირველ შეხვედრაში, რუსეთი მადრიდში ანგარიშით 16:14 დაამარცხა.
მილტონ ჰეიგის გუნდმა რუმინეთთან, ანგარიშით 18:9 მოგებული მატჩის შემდეგ, „შევარდენის“ ბაზაზე პირველი ღია ვარჯიში გამართა. დღევანდელი საწვრთნელი პროცესი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დასაწყისში ხაზი და შერკინება ტრადიციულად ცალ-ცალკე ვარჯიშობდა, მერე კი ორ გუნდად დაიყვნენ და სხვადასხვა სათამაშო კომბინაციები დაამუშავეს. „ბორჯღალოსნების“ ვარჯიშის პროცესში ჩართული იყო ახალზელანდიელი მსაჯი კრის პოლაკი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ კონსულტანტია და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დეტალების დახვეწაში ეხმარება.
კვლავ უცნობია როდის დაუბრუნდებიან ნაკრებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომლებმაც გასულ კვირას მცირე ტრავმა მიიღეს. სამწვრთნელო შტაბი ექიმების დასკვნას ელოდება.
ვარჯიშის შემდეგ ნაკრების მწვრთნელები და მოთამაშეები ჟურნალისტებსაც გაესაუბრნენ:
„ვცდილობთ შეტევასა და დაცვაში ის ტექნიკური ხარვეზი დავხვეწოთ, რომელიც რუმინეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა. ვეცდებით მაყურებელს უფრო ლამაზი რაგბი ვაჩვენოთ. ესპანეთი ღია და არეულ თამაშში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და ეცდება, რომ სწრაფი შეჯგუფებები ჰქონდეს“-განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
„ესპანეთი პროგრესირებადი გუნდია. ძალიან კარგი შვიდკაცა ნაკრები ჰყავს და ამის ხარჯზე სწრაფი თამაში კარგად გამოსდით. განვიხილეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და ვეცდებით შესაბამისი თამაში დავუპირისპიროთ. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ გვერდით დაგვიდგეს. მათი თანადგომა ჩვენთვის უდიდესი მუხტია“, – ამბობს ნაკრების წევრი ნოდარ ჭეიშვილი.
„ესპანეთის ნაკრებს სწრაფი რაქი აქვს, სწრაფ რაგბს თამაშობს და არ უყვარს შეჯახებები. ჩვენ ვეცდებით მათთან ახლო თამაშში, შერკინებებში მოვიპოვოთ უპირატესობა და ჩვენი ქომაგი გაშლილი რაგბით და გამარჯვებით გავახაროთ“, – განაცხადა „ბორჯღალოსანმა“ გიორგი ჭყოიძემ.
საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება ავჭალის სტადიონზე 17 თებერვალს 18 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 15 ლარია, რომელიც როგორც ონლაინ, ასევე სტადიონის სალაროებში იყიდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.