„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთი 34 ქულის სხვაობით დაამარცხეს და რაგბი ევროპის თასს დაეუფლნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა – 49:15. „ბორჯღალოსნებს“ სერიოზული მოწინააღმდგე რომ ჰყავდა, ამის დასტურად სატურნირო მდგომარეობაც გამოდგება – საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და რაგბი ევროპის მოსაგებად ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ.
მატჩის საფინალო ანგარიშიც ნათლად მეტყველებს, რომ ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმი არც ერთი გუნდისთვის იოლი არ იყო, „ბორჯღალოსნებმა“ 18:8 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა გაცილებით მაღალ ტემპში, მრავალმხრივად ითამაშა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაასრულა.
ბორჯღალოსანთაგან ლელოები ტაბუცაძემ (2), გიორგაძემ (2) და ჭყოიძემ გაიტანეს.
შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.
ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ხაზი გაუსვა ესპანელების სათამაშო დონეს:
„ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. ესპანელებმა მთელი ჩემპიონატი კარგად ჩაატარეს და მაქსიმალური მობილიზებისა და მომზადების გარეშე მისი დამარცხება წარმოუდგენელი იყო. ჩემმა ბიჭებმა მართლაც კარგად იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.