ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
რვა ერის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 29 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს და ის საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს ირლანდიასთან აქამდე ოთხჯერ უთამაშია, ბოლოს 2014 წელს და აქამდე ყველა თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნებმა უკვე ითამაშეს ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18). პირველ ტურში ირლანდიამ კი უელსი 32:9 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის წინ ინგლისთან 7:18 წააგო.
უელსთან ჰლანეჰლიში გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ხაზის მოთამაშე შეცვალეს. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება სოსო მათიაშვილი. ძირითად შემადგენლობაშია და ფრთაზე იწყებს თამაშს თამაზ მჭედლიძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს წლის დასაწყისში, ესპანეთთან მატჩში იყო, უელსთან კი შეცვლაზე ითამაშა.
უცვლელია ღერძი და მე-14 თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ.
ირლანდიასთან გუნდის კაპიტანი შარიქაძე 70-ე კეპს მოიხვეჭს, მჭედლიძე კი მე-60-ეს. ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 260-ს შეადგენს.
ოთხი ცვლილება შერკინებაში
უელსთან მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ირლანდიასთან კვაჭის პოზიციაზე თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს. ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი.
სრულად შეიცვალა მეორე ხაზი. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა კოტე მიქაუტაძემ და ის თამაშს იძულების წესით ტოვებს.
მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე.
შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამი 233-ს შეადგენს და მისი ნახევარზე მეტი – 140, ორ მორაგბეზე მოდის (ნარიაშვილი და მამუკაშვილი).
დებიუტანტები მარქაფაში
სიახლეებია მარქაფაშიც, სადაც ორი ახალგაზრდა დებიუტანტია. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, რომელსაც 19 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე 18 წლის დავით ნინიაშვილს ვიხილავთ.
ხაზში შეცვლაზე შევა ასევე ახალგაზრდა დემურ თაფლაძე, რომლის ანგარიშზე მხოლოდ 4 კეპია.
შერკინების მარქაფაშია მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს წლის დასაწყისში, 9 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ხაზში შეცვლაზეა გიორგი ჯავახია.
კვაჭის პოზიციაზე კვლავ გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევა ლექსო ყაულაშვილი, რომელიც ამჯერად მარცხენა ბურჯის პოზიციაზეა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იქნება, რომელმაც შეცვლაზე შოტლანდიასთან ითამაშა.
მიკროტრავმები და სელექცია
მაისაშვილის თქმით, შემადგენლობაში ცვლილებები ორი მიზეზითაა განპირობებული. ის მიიჩნევს, რომ ამით ჩვენი გუნდის პოტენციალი არ შემცირებულა და შეტევაში უფრო აგრესიულები ვიქნებით.
„გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის გამოც ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშემ სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება ვერ შეძლო. გარდა ამისა, სელექციის კუთხით, გვსურს ძლიერ მეტოქესთან დავაკვირდეთ სხვადასხვა მოთამაშეს“.
ბორჯღალოსნები ინგლისიდან დუბლინში დღეს გაემგზავრნენ და ხვალ კაპიტნის ვარჯიში აქვთ. შემადგენლობა უკვე დაასახელა ირლანდიის ნაკრებმაც. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი უფრო ეფექტური იქნება სტატიკურ ფაზებში და შეტევაში:
„ირლანდიამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე უელსთან და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. მეტოქე სახიფათოა რაქებში, ყავს მძიმე, ხაზის გამგლეჯი ცენტრები და სწრაფი დამბოლოებლები ფრთის მოთამაშეების სახით. მათ შეტევაში მუდამ აქვთ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი. ირლანდიის მეორე ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება დერეფანში თამაში“.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატიკური ფაზები. უელსთან თამაშის შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოყვა შერკინებაში მსაჯობას. ჩვენ გამოცდილი და ძლიერი ბურჯები გყავს, რომელთა დაჩაგვრა ადვილი არაა. გვაქვს იმედი, რომ ამჯერად შერკინებაში უფრო ობიექტური მსაჯობა იქნება. გარდა ამისა, გუნდი მზად უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისთვის, მოწინააღმდეგისგან იქნება ეს თუ მსაჯისგან და ასევე, სხვადასხვა ეშმაკობისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ და შერკინებაში სხვა სურათი გვექნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (*), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი(*).
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.