„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ცნობილია #1TVSPORT
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო 20 მარტს (18 საათზე), „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მეთოთხმეტედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა, შერკინებაში კი 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ტრავმიდან დაბრუნებული ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრა კორონავირუსის გამო გამოტოვა. როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი, ხოლო მეორეში ნოდარ ჭეიშვილი. მარქაფში გამოჩნდნენ გიორგი ჭყოიძე, გია ხარაიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი.
„დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე და ოთია გიორგაძე. ნიკა ხატიაშვილს ტრავმა აწუხებდა და სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მის ნაცვლად მარქაფშია გია ხარაიშვილი, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დარწმუნებული ვარ, დავალებას თავს ახლაც გაართმევს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი იწყებს და იმედი გვაქვს ჩვენს გუნდს გააძლიერებს. სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ძირითადში ხან გურამ გოგიჩაშვილი იწყებს და ხან მიხეილ ნარიაშვილი. ჩვენთვის შემადგენლობა მხოლოდ 15 მოთამაშე არაა და პირველ ხაზში ეს როტაცია ბუნებრივი პროცესია“.
„სამწუხაროა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობს, თუმცა მიმაჩნია, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ფინალში ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი
საქართველო-ესპანეთი
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ., 83 კეპი, 65 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).
Rugby.ge