საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის მეორე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. წლის პირველ შეხვედრაში რუმინეთის 41:13 დამარცხების შემდეგ მაისაშილმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. ესპანეთთან მატჩში დებიუტი ექნება 22 წლის აკაკი ტაბუცაძეს, რომელმაც ტრავმირებული მირიან მოდებაძე ჩაანაცვლა. კიდევ ერთი ტრავმირებული მორაგბის, გიორგი კვესელაძის ნაცვლად, ცენტრში თამაშს თამაზ მჭედლიძე დაიწყებს, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა სოსო მათიაშვილი, ხოლო ლაშა ხმალაძემ თადარიგში გადაინაცვლა. შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა იქნება, რომელსაც რუმინელთა წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფაში გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა. მეორე ხაზში, კოტე მიქაუტაძის ნაცვლად შალვა სუთიაშვილი ითამაშებს.
ესპანეთისა და საქართველოს შეხვედრა 9 თებერვალს, მადრიდში საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნებს ესპანელი „ლომები“ 16-ჯერ ყავთ დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3 მატჩი მეტოქემ მოიგო. წლევანდელი რაგბი ევროპის პირველ ტურში, ესპანელებმა რუსეთის ნაკრები სტუმრად, სოჭში, ბონუსით, 31:12 დაამარცხა.
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძეს (ბათუმი).