საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთთან მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში კრასნოდარში, “კუბანის” სტადიონზე ჩაატარა.
ქართველი მორაგბეები მეტოქეს შეცვლილი შემადგენლობით ხვდებიან.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ხვალინდელ შეხვედრაზე პირველ არხთან გიორგი ნემსაძემ, ლაშა ლომიძემ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრეს.
ლაშა ლომიძე – “უკლებლივ ყველა მოთამაშე ფორმაშია, ველოდებით ხვალინდელ დღეს და დარწმუნებულები ვართ, რომ მატჩი წარმატებით ჩაივლის.”
გიორგი ნემსაძე მე-80 კეპს კაპიტნის რანგში შეხვდება –
“მზადებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბოლო ვარჯიშმაც მშვენივრად ჩაიარა და მზად ვართ თამაშისათვის.”
ლევან მაისაშვილმა ცვლილებებზე და დანაკლისზე ისაუბრა –
“ცვლილებები არის ტაქტიკური და მცირე ტრავმებიდან გამომდინარე. ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, მზად ვართ იმისათვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მოვიგოთ და ქვეყანა გავახაროთ”.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.