„ბორჯღალოსნების“ ღია ვარჯიში რუსეთთან მატჩის წინ [ფოტო]
„ბორჯღალოსნების“ ღია ვარჯიში რუსეთთან მატჩის წინ [ფოტო]

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2020 წლის გათამაშების რუსეთის წინააღმდეგ დასკვნითი ტურის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართეს. დაპირისპირება 7 თებერვალს, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება. ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ვარჯიშს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება კორონავირუსის გამო ორჯერ გადაიდო და მის შედეგს „ბორჯღალოსნებისთვის“ სატურნირო თვალსაზრისით აზრი არ აქვს, რადგან საქართველოს უკვე განაღდებული აქვს პირველი ადგილი. რუმინეთის ბელგიასთან დაპირისპირების შედეგიდან გამომდინარე არსებობდა თეორიული შანსი, რომ „დათვები“ სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებდნენ, თუმცა „რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებით, ბელგიელებს შეხვედრაში მარცხი ჩაეთვალათ, რადგან მატჩი მათი მიზეზით გაუქმდა და ნედერლანდებთან დასარჩენ პლეი-ოფს სწორედ ისინი ითამაშებენ.

ისევე როგორც ღია ვარჯიშს, საქართველოსა და რუსეთს შორის 24-ე მატჩსაც მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. აქამდე გამართული შეხვედრებიდან „ბორჯღალოსნებმა“ 21 მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და მხოლოდ ერთი დათმეს.

რაც შეეხება 2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ – დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პირველი ტური 6/7 მარტს ჩაატაროს, ხოლო  გათამაშების გარკვეული ნაწილი კი „მსოფლიო რაგბის“ ივლისის ტესტ ფანჯრის დროს გამართოს.