„ბორჯღალოსნები“ რუსეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ
„ბორჯღალოსნები“ რუსეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 და 31 აგვისტოს თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

პირველ შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მეორე შეხვედრა კი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისს პირველი დონის სარაგბო ქვეყანა ეწვევა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გასვლაზე, შოტლანდიასთან, 6 სექტემბერს გამართავს.

„თიბისის“ რაგბის სერიებთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირში ერთობლივი პრეზენტაცია ჩატარდა.

რუსეთთან გასამართი მატჩის ბილეთები 5-20 ლარი ეღირება, შოტლანდიასთან შეხვედრის ბილეთები კი 5-25 ლარი.