ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან - გაფართოებულ შემადგენლობას ხუთი მორაგბე გამოაკლდა #1TVSPORT
ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადება „შევარდენზე“, შეცვლილი შემადგენლობით დაიწყეს.
წინასწარ დაანონსებულ გაფართოებულ შემადგენლობას ხუთი მორაგბე გამოაკლდა. ტრავმა მიიღეს ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა და ბურჯმა ლუკა აზარიაშვილმა. გაფართოებულ რაზმს კოვიდ-ინფიცირების გამო გამოაკლდნენ შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე და ლუკა ივანიშვილი. ინფიცირებულია გიორგი ჭყოიძეც, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობას ჯერ კიდევ გასულ კვირაში დააკლდა, ასევე შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე.
„ნინიაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა, კუნთი გაიწყვიტა და 3 კვირით მოუწევს დასვენება. მხარი ამოიგდო აზარიაშვილმა და ჯერ არ ვიცით რა დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას. სხვა შემთხვევებში მიზეზი კოვიდია, რომელიც სახიფათო ფაზაშია და კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება, რაც რადიკალურად ცვლის ჩვენს გეგმებს. მის სამართავად გვაქვს პროტოკოლი და მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ახალი მოთამაშეების გამოძახება“, – გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ გვიყვება ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
დანაკლისის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებულ შემადგენლობაში უხმო „ორიაკის“ მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას (7 კეპი, 5 ქულა), „შავი ლომის“ მგეზავ ლუკა მატკავას, „ლა როშელის“ ბურჯ გურამ პაპიძეს, „აჟენის“ კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს (67 კეპი, 30 ქულა) და „შავი ლომის“ ფლანკერ ნიკო აფციაურს. ბრეგვაძემ და ჯავახიამ ბორჯღალოსნების კვართით ბოლოს გასულ ზაფხულში, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშეს, მატკავა, პაპიძე და აფციაური კი დებიუტანტები არიან.
„გურამ პაპიძე ტოპ 14-ში თამაშობს, მას 20-წლამდელთა ნაკრებიდანაც ვიცნობთ და საინტერესოა მისი ნახვა. ახალი მორაგბეების დიდი ნაწილი ‘შავ ლომშია’, კარგად ვიცით რა შეუძლიათ და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ადგილს იმსახურებენ. ფრენჩაიზი ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ნაკრების კანდიდატები მუდმივი დაკვირვების ქვეშ გვყავდეს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი სანაკრებო სივრცეში შემოდინება. თუ გვექნება შესაძლებლობა, მათ ეტაპობრივად გავსინჯავთ. გვსურდა, რომ წელს თამაშები მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეკრების პირველი დღეა და უკვე 9 მოთამაშის შეცვლა მოგვიწია. არასახარბიელო სიტუაციაა, თუმცა მოცემულობას უნდა მოვერგოთ. ერთის მხრივ ცუდია, როდესაც გეგმები ასე იცვლება, თუმცა, პოზიტიური კუთხით თუ შვხედავთ, ესაა თავის გამოჩენის შანსი ახალი მორაგბეებისთვის. მათ პირველ რიგში ვარჯიშებზე უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან ეროვნული ნაკრების კვართის ტარების, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს“, – ამბობს მაისაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველო პორტუგალიას 6 თებერვალს „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე დაუხვდება, ნიდერლანდებს კი 12 თებერვალს, ჩვენი დროით 16:15 საათზე ამსტერდამში ეთამაშება. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეა.
გაფართოებული შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი მატჩისთვის
შერკინება
ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), გურამ პაპიძე (ლა როშელი, უკეპო);
კვაჭები: ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 30 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო);
მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა);
მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო);
ხაზი
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, უკეპო);
ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა).