„ბორჯღალოსნები“ ნოემბრის სამი ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან - სამოა და ურუგვაი თბილისში, უელსი კარდიფში #1TVSPORT
„ბორჯღალოსნები“ ნოემბრის სამი ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან - სამოა და ურუგვაი თბილისში, უელსი კარდიფში #1TVSPORT

ბორჯღალოსნები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის.

პირველი ორი თამაში სამშობლოში გვაქვს – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, ხოლო 12 ნოემბერს – სამოას. ნოემბრის ტესტებს 19-ში უელსთან, კარდიფში, „პრინსიფალითიზე“ დავასრულებთ.

 

„იტალიასთან გამარჯვებით ხმამაღალი განაცხადი გავაკეთეთ. შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენს მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბში ურუგვაი და სამოა“.

„კარდიფში თამაშისთვის რაგბის კავშირი დააორგანიზებს სპეციალურ პაკეტებს, რათა ჩვენს ბიჭებს კარდიფშიც ჰქონდეთ ქომაგთა მხარდაჭერა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელ ქალაქებში გაიმართება საშინაო შეხვედრები. ურუგვაი და სამოა განსხვავებულ თამაშს უჩვენებენ და საინტერესო მეტოქეები არიან“.

ისოებ ტყემალაძე #ტაიმაუტი

„სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის“, – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და ზაფხულის ტესტ-სერიის მსგავსად, გულშემატკივარს შემოდგომაზეც ზეიმს ჰპირდება:

„ქუჩაშიც იგრძნობა, რომ 10 ივლისს მოპოვებული გამარჯვებით განცდილი სიხარული ჯერ არ განელებულა. ჩვენ ეს გამარჯვებები გვჭირდება. ჩვენი სურვილია მსგავსი სარაგბო ზეიმები სხვა რეგიონებშიც მოვაწყოთ, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ძირითადად შესაბამისი ტევადობის ტრიბუნების) არარსებობის გამო შეზღუდულები ვართ. თბილისსაც სჭირდება რაგბი და ეს ის პერიოდია, როდესაც რაგბი დედაქალაქს უნდა დავუბრუნოთ, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში, გამორიცხული არაა ერთ-ერთი თამაში რეგიონში გავმართოთ, რაც რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, საზეიმო განწყობას და იმ რეგიონის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რათა ის ზეიმი, რომელიც ბათუმში გაიმართა, ჩავიტანოთ სხვა ქალაქებშიც“.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ზეიმი სხვა ქვეყნებშიც უნდა ჩავიტანოთ და ეს იქნება კარდიფი. რაგბის კავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა გულშემატკივარმა შეძლოს იქ ჩასვლა და ადგილიდან უგულშემატკივროს ბორჯღალოსნებს“.

მომავალ თამაშებს დიდი ინტერესით ელოდება ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„ნოემბერში სამი საინტერესო ტესტი გველის. სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო თასზე სამი გუნდი გავიდა – არგენტინა, ურუგვაი და ჩილე. ამ გუნდების ფრენჩაიზებს თავიანთი ჩემპიონატი აქვთ. ურუგვაის ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. სასურველი იყო ორი თამაში გვქონოდა კუნძულელებთან, თუმცა არ მგონია ურუგვაისგან ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდეს. ის მსოფლიო თასის მონაწილე და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია“.

სამოასაც დიდი პროგრესი აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინ ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასი მოიგო. მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში, ჩვენთვის საინტერესოა მათთან თამაში, რადგან საფრანგეთში ფიჯისთან მოგვიწევს შეხვედრა, სამოა და ფიჯი კი დაახლოებით ერთი ხელწერის გუნდები არიან“.

„რაც შეეხება უელსს, მას ჩემი წარდგენა არ სჭირდება. უელსმა სამხრეთ აფრიკაში შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება და პირველ მატჩშიც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ის მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა და საინტერესოა როგორი შემადგენლობით დაგვიპირისპირდება, რადგან იტალიასთან მოგების შემდეგ, ჩვენზე მეტი ფოკუსირება ექნება“.

Rugby.ge