„ბორჯღალოსნებმა“ ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.
გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან ელის.
ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა. 13 სექტემბერს იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ „ჰონდა ჰით“-თან ერთობლივი ვარჯიშიც გაიმართა.
ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ნაკრებში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ, ჟურნალისტების კითხვების უპასუხეს.
„მიზნის მიღწევა უფრო რთულია“
ჰეიგი ამბობს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგის გამეორება და ორი თამაშის მოგება, წელს ძალიან რთული იქნება:
„ახლა მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე, რომ ამჯერად „რადარებს“ ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება“.
2019 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნება იყო, რომელმაც საერთაშორისო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა ტრავმების ფონზე, ის „ბორჯღალოსნებში“ დაბრუნებას დათანხმდა.
35 წლის გორგოძე, დავით კაჭარავასთან ერთად, მეოთხე მსოფლიო თასს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასებზე მოგებულ ოთხივე მატჩში, ეს მორაგბეები მოედანზე იყვნენ:
„მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. გამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისი თამაშისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს“.
უელსის ნაკრებს ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩში ორი წლის წინ შეხვდნენ და კარდიფში ერთი გარდასახული ლელოთი ჩამორჩნენ – 6:13. ჰეიგი ფიქრობს, რომ ახლა განსხვავებული თამაში იქნება და მეტოქეს დიდად არც ტრავმირებული მორაგბეების არყოფნა დაეტყობა:
„ეს მსოფლიო თასია და ორი წლის წინანდელზე განსხვავებული თამაში იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენ გვექნება გარკვეული უპირატესობები. რა თქმა უნდა შერკინება ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი, სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია“.
ბორჯღალოსნების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ბოლოს უელსურ ფრანჩაიზში, „ოსპრეიზში“ თამაშობდა და ის უელსის ნაკრების რამდენიმე მორაგბეს პირადად იცნობს:
„დარწმუნებული ვარ, ნემსაძე მორკინალებს მეტოქის გარკვეულ საიდუმლოებებს გაუზიარებს. მას ძალიან უნდა მოედანზე გასვლა და თავისი მეგობრების წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, ისევე, როგორც ჩვენ, მეტოქეს გარკვეული სიურპრიზები ექნება მომზადებული“, – თქვა ჰეიგმა და მერაბ კვირიკაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მეხუთე მსოფლიო თასზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ რჩება:
„მერაბი უკანასკნელი 18 თვის თუ 2 წლის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა. სამწუხაროდ, მან ბოლო შეკრებაზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ახლა ის კარგადაა და თამაშობს. ჩვენ მის ფორმას დავაკვირდებით და თუ ვინმე დაშავდება, მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება“.
„მიზნის მისაღწევად ყოველ საათს ვმუშაობთ“
ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ მოსამზადებელ მატჩში, „საუზერნ კინგსთან“ დაშავდა. იყო შანსი, რომ გიორგი ცუცქირიძის მსგავსად, მასაც მოუწევდა მსოფლიო თასის გამოტოვება. საბედნიეროდ, ტრავმა ასეთი მძიმე არ აღმოჩნდა, „ბუკა“ გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა და უკვე სირბილიც დაიწყო:
„სირბილი ახლახანს დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველ დღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
ის ამბობს, რომ მსოფლიო თასზე, ტრავმის ფონზე, მისი პასუხისმგებლობა, როგორც კაპიტნის კიდევ უფრო გაიზარდა:
„მამუკა გუნდში აღარ იყო და კაპიტნის როლის შესრულება ჩემს თავზე ამის გამო ავიღე. ახლა, როდესაც მსოფლიო თასზე ვიმყოფებით, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ტრავმის ფონზე“.
„პირადი მიღწევები მეორეხარისხოვანია“
ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძე ამბობს, რომ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, თავს ძალიან კარგად გრძნობს:
„მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყვე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ“.
თუ გორგოძე იაპონიაში გასამართ ოთხივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მას უმაღლეს სარაგბო ფორუმზე 15 შეხვედრა ექნება გამართული და გაუტოლდება მერაბ კვირიკაშვილს, თუმცა მამუკა პირად რეკორდებზე არ ფიქრობს:
„მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას“.
„ბევრის მოლოდინი სასიამოვნო წნეხია“
თედო აბჟანდაძე ის ახალგაზრდა მორაგბეა, რომელზე ყურადღების მიქცევასაც ექსპერტები გულშემატკივრებს ურჩევენ. 20 წლის მორაგბე ამბობს, რომ ასეთმა აღიარებამ მისი პასუხისმგებლობა გაზარდა:
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი აღიარება, თუმცა რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა. ახლა მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, უკეთ უნდა ვითამაშო, თუმცა ეს სასიამოვნო წნეხია“ – ამბობს აბჟანდაძე და განაგრძობს:
„ვფიქრობ, იაპონიაში უკეთესი უკანა ხაზი გვეყოლება, ვიდრე წინა მსოფლიო თასზე გვყავდა. ეს საკლუბო დონეზეც ჩანს. ახლა უფრო მეტი ბექი თამაშობს საფრანგეთში, ვიდრე წინა წლებში. ჩვენ ვცდილობთ, ხაზის თამაში დავაბალანსოთ და ის ფორვარდებისას გავუტოლოთ“.
თედო ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამჯერ თამაშმა, მისი და გუნდის დონე აამაღლა:
„წელს განსაკუთრებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი გვქონდა, რადგან უფრო ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე აქამდე გვიწევდა. მე მივეჩვიე პროფესიონალ მორაგბეებთან თამაშს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ისეთ ჩემპიონატებში გამოდიოდნენ, როგორებიც ზე-რაგბი, ტოპ 14 და პრემიერშიფია. ამან დამანახა როგორი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება ჭირდება უმაღლეს დონეზე თამაშს“.
„ამ მსოფლიო თასზე ჩემი მიზანია, რომ ტაქტიკურად გამართული რაგბი ვითამაშო, ვარეგულირო ტემპი, ავაჩქარო თამაში და წნეხში ვამყოფო მოწინააღმდეგე გუნდი. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო, ყველას ვაჩვენო რა შემიძლია და რისი გაკეთება შემეძლება მომავალში“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი