ბორჯღალოსნები | ლევან მაისაშვილი - ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა და გუნდის მდგმარეობაზე ილაპარაკა.
მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის საუკეთესო შემადგენლობის შეკრება მოახერხა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მორაგბეთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის:
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა სასიამოვნო ფაქტია“.
„ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვთ და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდებიან. კარგი იყო „შავ ლომს“ მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში. 2017-2019 წლებში ლეგიონერების აქტივობა კლუბებში იყო დაბალი, რასაც პანდემია მოყვა. კარგია, რომ წელს სურათი შეიცვალა და უთამაშებლობის პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას“, – ამბობს მაისაშვილი.
rugby.ge