„ბორჯღალოსნები“ ფიჯისთან დამარცხდნენ | შემოდგომის ერთა თასი [ვიდეო]
„შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის „მარიფილდზე“ დაუპირისპირდა, მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება ვერ შეძლო და კვლავ დამარცხდა – 38:24.
დაპირისპირება ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც ტურნირის წინა მატჩებში მონაწილეობა მათ ბანაკში გავრცელებული კორონავირუსის გამო ვერ შეძლეს. უკვე მეშვიდე წუთზე კუნძულელებს ორი ლელო ჰქონდათ აქტივში – ნაკრებში დაბრუნებულმა ნადოლომ შეხვედრის პირველი ქულები მოიპოვა, ხოლო მეორე ლელო დებიუტანტი დაიერის ანგარიშზე იყო. თედო აბჟანდაძის ჯარიმას მე-17 წუთზე ჯოსუა ტუისოვას შედეგიანი იერიში მოჰყვა და სხვაობა 16 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ თამაშში მელიქიძის ლელოთი დაბრუნდნენ და ტაიმი მხოლოდ ცხრა ქულის სხვაობით, ანგარიშით 19:10 დათმეს.
მეორე ტაიმიც პრაქტიკულად ანალოგიური სცენარით წარიმართა. კუნძულელებმა 62-ე წუთამდე სამი ლელო დადეს – ჯერ კუნავულამ გამოიჩინა თავი, ხოლო ნადოლომ კი ქართველების მხრიდან დაცვაში უყურადღებო თამაშით ორჯერ ისარგებლა და ჰეთთრიკი გაიფორმა. 28 ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მატჩის ბოლო მეოთხედში „ბორჯღალოსნები“ აქტიურობდნენ – თამაშში კარგად ჩაერთნენ გელა აფრასიძე, დავით ნინიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე. ბექა საღინაძემ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთ საუკეთესო იყო, დუბლი გაიფორმა (67, 78) და საბოლოოდ ფიჯელებმა 14 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 38:24 მოიგეს.
ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ, ინგლისის და საფრანგეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.