ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 17 ნოემბერს სამოასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა – თედო აბჟანდაძე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, საქართველო სამოას ავჭალის რაგბის სტადიონზე დაუხვდება და შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა „ავჭალის“ სტადიონისა და ფილარმონიის სალაროებში და ონლაინაა შესაძლებელი.
უცვლელი შერკინებით
10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ნათამაშები შემადგენლობიდან მილთონ ჰეიგმა შერკინება უცვლელი დატოვა: პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს და დუდუ ქუბრიაშვილს ვიხილავთ; მეორეში ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ლომიძე შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაირჯებიან.
ორი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა ხაზში. სოსო მათიაშვილი იტალიასთან მატჩში დაშავდა, სამოას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და ფულბეკად ლაშა ხმალაძე გადაინაცვლებს, რომელიც ამპლუით მგეზავია. 10 ნომრის პოზიციაზე 19 წლის თედო აბჟანდაძე დადგება, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ცენტრში კვლავ თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთაზე თავის მესამე კეპს მოიხვეჭს ზურაბ ძნელაძე, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კოშაძის ნაცვლად გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, რომელმაც ფლორენციაში შეცვლაზე ითამაშა.
ორი დებიუტანტი მარქაფაში
სამი ახალი სახეა მარქაფაში და ორი მათგანი დებიუტანტია. ორივე ბურჯია: 26 წლის ბექა გიგაშვილი „გრენობლთან“ ერთად ტოპ 14-ში წელს აღზევდა, პირველსავე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი ლელო გაიტანა და ორჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ტოპ 14-ში პირველ სეზონს ატარებს 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც აბჟანდაძის დარად თავი უმცროს ბორჯღალოსნებში (20-წლამდელები) თამაშით გამოიჩინა, პარიზულ კლუბში თბილისის „ლოკომოტივიდან“ წელს გადავიდა, ახალ გუნდში სწრაფადვე დამკვიდრდა და ტოპ 14-ის 7 მატჩის გარდა, ორჯერ ჩემპიონთა თასზეც ითამაშა.
კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ამჯერადაც შალვა მამუკაშვილია, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილი, ხოლო მესამეში ბექა ბიწაძე შევა. 9 ნომრის შეცვლა გელა აფრასიძეა, ცენტრში ლაშა მალაღურაძე გამოჩნდება, ხოლო კიდევ ერთი უკანახაზელი ანზორ სიჭინავაა, რომელსაც იტალიასთან არ უთამაშია.
დებიუტანტების გარდა, სამოასთან მატჩი ღირშესანიშნავი კიდევ ოთხი ბორჯღალოსნისთვისაა: თამაზ მჭედლიძე სამოასთან 50-ე კეპს მოიხვეჭს, შალვა მამუკაშვილი მე-60-ეს, ხოლო სიჭინავასთვის და აფრასიძესთვის ეს მე-10 სანაკრებო თამაში იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა –
შერკინება – 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ლომიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე
უკანა ხაზი – 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. ზურაბ ძნელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 13. მერაბ შარიქაძე, 14. გიორგი კვესელაძე, 15. ლაშა ხმალაძე
მარქაფა – 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა ბიწაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი