საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის ტესტებზე ფიჯისთან და იაპონიასთან ნაჩვენებმა შედეგმა გამოიწვია. სამწვრთნელო შტაბი რიჩარდ გრემმა და ბრედ ჰარისმა დატოვეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა –
„ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან მსოფლიო ერთ წელში იწყება, თუმცა ამ ეტაპზე მისი მიღება აუცილებელი იყო. ერთი წლის მანძილზე იყო უკუსვლის ტენდენცია. მათ შემცვლელებს უახლოეს მომავალში მოვძებნით.“
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ხაზი საკუთარ პასუხისმგებლობას გაუსვა –
„ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ივნისის ტესტებზე ნაჩვენები შედეგი იყო. ასეთი წარუმატებელი ტურნე ჩემი პირადი პასუხისმგებლობაცაა და შესაძლოა მეც დამეტოვებინა დაკავებული პოზიცია. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება იტალიის წინააღგმდეგ, ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და სწორი მიმართულებით წავიდეთ. ყველაზე მთავარი კი იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასია. არ არის სასიამოვნო, როდესაც მწვრთნელებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება გიწევს, მაგრამ მთავარი ჩვენი გეგმაა, რასაც უნდა მივყვეთ და სიტუაციის გამოსწორებაზე ვიფიქროთ.“
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან და იაპონიასთან შეხვედრები დიდი ანგარიშით დათმეს, ხოლო იაპონიაში გამართულ მატჩში კი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.