ბორის ჯონსონი - წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ რთული ზამთარი და გრძელი გზაა გაზაფხულამდე, მაგრამ გაქცევის გზა გამოჩნდა
ბორის ჯონსონი - წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ რთული ზამთარი და გრძელი გზაა გაზაფხულამდე, მაგრამ გაქცევის გზა გამოჩნდა

წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ ჯერ კიდევ რთული ზამთარი და გრძელი გზაა გაზაფხულამდე, მაგრამ გაქცევის გზა გამოჩნდა, – ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ბრიტანეთის პრემიერი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იმყოფება. ვიდეომიმართვის დროს მან განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კარანტინი 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება, თუმცა, ამოქმედდება სამფაზიანი შეზღუდვები.

ახალი ზომების მიხედვით, მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საცხოვრებელი სახლი ნებართვის გარეშე დატოვონ და გარე სივრცეში ადამიანებს შეხვდნენ, თუმცა ქვეყანაში კვლავ აკრძალული იქნება ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება.

ბარები და რესტორნები 23:00 საათზე დაიკეტება. მაქსიმალურად შემცირდება რეგიონებს შორის მოგზაურობა. ადამიანებს რეკომენდაცია მიეცათ, თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, სახლიდან იმუშაონ. გაიხსნება ესთეტიკის ცენტრები, მაღაზიები და სპორტული დარბაზები.

ახალი წესები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, სადღესასწაულო სეზონზე მაქსიმალურად დაიცვან წესები.