„ბორდოსა“ და „როდეზის“ თამაშზე გამოძიება დაიწყო - გადაწყვეტილებას 12 ივნისს გამოაცხადებენ #1TVSPORT
„ბორდოსა“ და „როდეზის“ თამაშზე გამოძიება დაიწყო - გადაწყვეტილებას 12 ივნისს გამოაცხადებენ #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიგა 2-ის მატჩის („ბორდო“-„როდეზი“) დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც „როდეზის“ თავდამსხმელმა ლუკას ბუადესმა ანგარიში გახსნა და მას გულშემატკივარი თავს დაესხა.

საქმეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იძიებს. ბუადესს მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა, რის შემდეგაც ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. არბიტრმა თამაში შეაჩერა და მატჩის დელეგატთან თათბირის შემდეგ მისი გაგრძელება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

ასეთმა შედეგმა ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ლიგა 1-ში გადასვლის იმედი, ფაქტობრივად, გადაუწურა. კლუბს ფრანგულ ელიტაში გადასასვლელად მოგება სჭირდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სამი ქულა აუტსადერი „როდეზისთვისაც“, რომელიც ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა.

„ფაქტების სერიოზულობიდან გამომდინარე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, გადაწყვეტილება 12 ივნისის გახდება ცნობილი, როდესაც მატჩის დელეგატი მოხსენებას წარადგენს“, – ნათქვამია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა lequipe-ის ინფორმაციით, „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ მატჩის გადათამაშება მოითხოვა. თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. არ არის გამორიცხული, „ბორდოს“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ გადავა, რომელმაც ბოლო ტურში „ბასტია“ 3:2 დაამარცხა.