„ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩის ბედს საფრანგეთის პროფლიგის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს #1TVSPORT
„ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩის ბედს საფრანგეთის პროფლიგის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს #1TVSPORT

საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა გამოეხმაურა „ბორდოსა“ და „როდეზის“ შეხვედრის ჩაშლას და ცნობილი გახდა, რომ მატჩის ბედს ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

„ლიგა 2-ის 38-ე ტურში „ბორდოსა“ და „როდეზს“ შორის მატჩი ოფიციალურად შეწყდა მას შემდეგ, როდესაც „ბორდოს“ ტრიბუნიდან გულშემატკივარი თავს დაესხა სტუმარი გუნდის მოთამაშე ლუკას ბუადესს. მატჩი ოფიციალურად შეწყდა მსაჯისა და პროფესიული საფეხბურთო ლიგის დელეგატების გადაწყვეტილებით.

სადისციპლინო კომისია ორშაბათს შეიკრიბება და გადაწყვეტილებას გამოიტანს. პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა მკაცრად გმობს მოთამაშის წინააღმდეგ ძალადობრივ აქტს და ლუკას ბუადესს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის განცხადებაში.

„ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩი შეწყდა 23-ე წუთზე, როდესაც სტუმართა მოთამაშემ, ლუკას ბუადესმა ანგარიში გახსნა. გოლის ავტორი და მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი გოლს ზეიმობდნენ, როდესაც მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა მას ხელი უბიძგა და ბუადესი ტრიბუნის წინ დაეცა.

მსაჯმა ნიკოლას რეინვილმა გუნდები გასახდელში გაუშვა. ფეხბურთელი ტვინის შერყევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი არბიტრმა გადაწყვიტა, რომ მატჩი არ განახლდებოდა.