„ბორდომ“ კონკურენტს დავითაშვილის ეფექტური გოლით მოუგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ბორდოს“ უშუალო კონკურენტის, „სოშოს“ დამარცხებაში გოლით დაეხმარა – 2:1.
წინა ტურის შემდეგ „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში პოზიცია დათმო, „ლე ავრთან“ დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა. მე-17 ტურში ქართველის გუნდმა მეორეადგილოსან „სოშოს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და პირველსავე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
ჟირონდელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს – ჯოშ მაიამ „ბორდო“ თავური დარტყმით დააწინაურა – 1:0. ორ წუთში თავი ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა. 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა დილან ბაკვას პასის შემდეგ მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და დაბალ კუთხეში შესანიშნავი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 2:0.
59-ე წუთზე „სოშომ“ სხვაობა შეამცირა. მასპინძელთა კარი ფრანკ კანუტემ აიღო. დავითაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს, 6 წუთში კი „ბორდო“ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან არბიტრმა ქართველის შემცვლელი, ნახევარმცველი ლოგან დელორე-ჩობე მოედნიდან გააძევა და მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბორდომ“ 2:1 მოიგო.
17 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 31 ქულა დააგროვა, „სოშოს“ (30) გადაასწრო, მეორე ადგილზე დაწინაურდა და ლიდერ „ლე ავრთან“ (35) სხვაობა შეამცირა. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი საფრანგეთის თასზე.