ხოსე ბორდალასმა „კადისთან“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში („ვალენსიამ“ 2:1 მოიგო) გიორგი მამრდაშვილი ისევ არ ათამაშა და კარში ტრავმირებული იესპერ სილესენის ნაცვლად ისევ გამოცდილი ხაუმე დომენეკი დააყენა.
ამის შესახებ „მესტალიელების“ (გუნდის მეტსახელია) მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რატომ შეაჩერა არჩევანი დომენეკზე, როდესაც ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ კარში ქართველი უნდა დამდგარიყო.
„მეკარეებთან დაკავშირებით არანაირი მწვავე კამათი გუნდში არაა. ყველა ის კიპერი, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, „ვალენსიას“ სრულუფლებიანი წევრია. მე ყველაფერს იმის მიხედვით ვწყვეტ, რასაც ვხედავ. დღეს ჩვენს კარს დომენეკი იცავდა. ერთად ვნახავთ, კვირას გასამართ მატჩში ვინ ითამაშებს. ის კი ჩანდა, რომ დომენეკმა „კადისთან“ ძალიან კარგად ითამაშა“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.
„ვალენსიას“ მწვრთნელმა კონკრეტულად ქართველ მეკარეზეც ისაუბრა:
„გიორგი მამარდაშვილს რაც შეეხება, ის ვარჯიშებზე ძალიან კარგად მუშაობს. იესპერ სილესენი ტრავმირებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ – ყველა მათგანს ძალიან უნდა, რომ გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს“.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის გამოსვლას მოედანზე მცირე ხნის წინაც ველოდით, მაგრამ ეს ვარაუდი მაშინაც არ გამართლდა. ესპანურ მედია ამტკიცებდა, რომ ბორდალასის უგულებელყოფით უკმაყოფილო მამარდაშვილმა მოტივაცია დაკარგა და გუნდის დატოვება სურდა. თუმცა, ეს ვარაუდიც არ გამართლდა.