ბონუჩი - წინ ორი თამაშია და ყველაზე რთული ესპანეთთან შეხვედრა იქნება #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართული მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა ბელგიის ძლიერი ნაკრები დაამარცხა – 1:2.
„ვაცნობიერებდით ბელგიის ძალას, განსაკუთრებით თავდასხმაში და იმ საფრთხეს, რომელსაც მათი კონტრშეტევები შეიცავდა, – ციტირებს Football Italia ბონუჩის სიტყვებს. – მოედანზე ვდომინირებდით და ორგოლიანი პირატესობა მოვიპოვეთ. შემდეგ მეტოქე თამაშში საეჭვო პენალტით დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ.
ოცნებას განვაგრძობთ, მაგრამ ღრუბლებში არ დავფრინავთ. ესპანეთი შესანიშნავი გუნდია. წინ ორი თამაშია და ყველაზე რთული ესპანეთთან შეხვედრა იქნება. ესპანელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მათ არაფერი გამოუვიდოდათ, მაგრამ ფეხზე მყარად წამოდგნენ. ეს იქნება ბოლო წუთამდე ბრძოლა“.