ბოლქვაძე და კობლიაშვილი მერვედფინალში არიან
ბოლქვაძე და კობლიაშვილი მერვედფინალში არიან

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორი ქართველი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, შმაგი ბოლქვაძემ 1/16 ფინალში ყაზახი ამანტურ ისმაილოვი 4-2 დაამარცხა. მატჩი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, როდესაც შმაგი 4-0 იგებდა,  ყაზახმა 2 ქულა აიღო და ანგარიში 4-2 გახდა. ბოლო წამებმა ქართველისა და მისი გულშემატკივრებისთვის ნერვიულობაში ჩაიარა, თუმცა ბოლქვაძემ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და მერვედფინალში ირანელ აბდოლჰამიდ გერაის შეხვდება.

რაც შეეხება მეორე ქართველ მერვედფინალისტს, ეს რობერტ კობლიაშვილია (87 კგ), რომელმაც 1/16 ფინალში ადვილად სძლია ერაყელ სპორტსმენ აბას ალ-ტამიმის (9-0) და შემდეგ ეტაპზე უნგრელ ვიქტორ ლორინცს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ოქროს მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა დავით ჩხარტიშვილი (60) რომელმაც ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელ სი უნგ რისთან 11:1 წააგო.