ბოლონიის „ვირტუსის“ მწვრთნელი - შენგელიას დამატებით მენტალურად გავძლიერდით [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა და ბოლონიის „ვირტუსში“ ჩაირიცხა. მასთან ერთად იტალიურ კლუბში გადავიდა დანიელ ჰაკეტი, რომელიც რუსეთში შენგელიას თანაგუნდელი იყო.
„ვირტუსთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თორნიკემ უკვე ორი მატჩი გამართა და დაგვანახა, რომ ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერთაგანი იქნება. ევროთასზე სლოვენიის „ცედევიტასთან“ 14 ქულა ჩააგდო, იტალიის ჩემპიონატში „ვენეციასთან“ – 15 ქულა.
ახალწვეულების როლზე „ვირტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ გამოცემა „სპორტანდოსთან“ ისაუბრა:
„გასული წლის აგვისტოს შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. რამდენიმე კალათბურთელი წავიდა, დაგვემატნენ დანიელ ჰაკეტი და თორნიკე შენგელია. მათ „ვირტუსს“ გამოცდილება, შემოქმედებითობა და მენტალური სიძლიერე შემატეს. ეს ის ელემენტებია, რაც ამ სეზონში გუნდს აკლდა და რაც მას ახალ დონეზე აიყვანს“.
სერჟიო სკარიოლომ ევროთასზე ბოლონიელთა მიზნებზეც ილაპარაკა:
„ევროთასზე წარმატების მიღწევისთვის საჭიროა 12 მეტ-ნაკლებად ძლიერი კალათბურთელი. ჩვენ ამ მხრივ ნორმალური სიტუაცია გვაქვს, თუმცა არიან გუნდები 16-18-კაციანი კარგი შემადგენლობით. ამის მიუხედავად, „ვირტუსს“ აქვს ხარისხი და ევროთასზე მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.