ბოლო წამზე გატანილი პენალტით - დავითაშვილის „ბორდომ“ ახალ სეზონში პირველად მოიგო #1TVSPORT
„ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „კონკარნოს“ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, მიმდინარე გათამშებაში კი ქულები პირველად მოიპოვა.
„ბორდომ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და პირველ ტურში „პოსთან“ 0:3 დამარცხდა. ამიტომ დავიდ გიონის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო მე-2 ტურში საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია.
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა „კონკარნოს“ წინააღმდეგ, რომელიც ლიგა 2-ში რანგით მესამე ლიგიდან გასული სეზონის შედეგებით დაწინაურდა. მოედნიდან გასვლამდე ქართველმა შემტევმა თამაში გაამწვავა და გატანაც შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ბორდოს“ დაწინაურების ორი შანსი ჰქონდა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ალიუ ბაჯის დარტყმის შემდეგ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ ქართველის გუნდმა 90+8-ე წუთზე მაინც გაიტანა – „კონკარნოს“ კარში დანიშნული პენალტი „ბორდოს“ კაპიტანმა, იოან ბარბემ გამოიყენა.
„ბორდომ“ ახალ სეზონში პირველად გაიმარჯვა, 2 ტურის შემდეგ 3 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე დაწინაურდა.